2

ყოველწლიურად, რთველის დასასრულს თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო“
იმართება, რომელიც მიზნად ისახავს ღვინის ტურიზმის განვითარებასა და ღვინის
პოპულარიზაციას. ფესტივალი დაფუძნებულია 2014 წელს „კახეთის მეღვინეთა
გილდიის“ მიერ, რომელიც აერთიანებს ღვინის მარნებს. ფესტივალის მხარდამჭერია
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი ხელისუფლება.
„თელავინოს“ სტუმრებს ეძლევათ უნიკალური საშუალება – სრულიად უფასოდ
დააგემოვნონ საუკეთესო ქართული ღვინო და სურვილის შემთხვევაში, შეიძინონ ის
ექსკლუზიურად დაბალ ფასად. ყოველწლიურად, დიდი და მცირე მარნების მიერ
ფესტივალზე წარმოდგენილია ქვევრის 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლიანი
სასმელი ფერისა და ასაკის მიხედვით.
ღვინოსთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქართული
ტრადიციული კერძები, ნატურალური პროდუქტები, ჭაჭა და სხვა სასმელები.
მონაწილეობა მიიღონ კახური ჩურჩხელის ამოვლებაში.
დაინტერესებულ სტუმრებს საშუალება აქვთ, ქართული ღვინის შესახებ მოისმინონ
ფესტივალის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ლექცია-მასტერკლასი.
ფესტივალი ასევე გულისხმობს თემატური ნამუშვრების (ფოტო, მხატვრული, მინა,
კერამიკა, ტექსტილი) გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებს. იმართება
ეროვნული ფოლკლორული ანსამბლებისა და თანამედროვე მუსიკის კონცერტები.
პატარა სტუმრებისთვის ეწყობა თოჯინური და ანიმაციური სანახაობა, ფესტივალის
სიმბოლიკის სახეზე მოხატვა.
„თელავინოს“ ფარგლებში გამართული ღონისძიებები ტრადიციულად, თელავის
ისტორიული მუზეუმის ეზოში და ქალაქის ცენტრში, „ძველი ბაღის“ ტერიტორიაზე
ტარდება.
ქართული ფესტივალი „თელავინო“, 2019 წელს შესულია 5 საუკეთესო ღვინის
ფესტივალის ჩამონათვალში, რომელიც დსთ-ს და მეზობელ ქვეყნებში იმართება.
ჩამონათვალი ანალიტიკურმა სააგენტომ TurStat-მა შეადგინა.

0 COMMENTS

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts