1

ყოველი წლის შემოდგომაზე, თელავში „ჭაჭის ფესტივალი“ იმართება. ფესტივალის დაარსების იდეა საქართველოს კულტურის პალატას ეკუთვნის, ხოლო მისი მხარდამჭრია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ადგილობრივი ხელისუფლება.

„ჭაჭის ფესტივალი“ ტარდება როგორც ცალკე ღონისძიება და ეძღვნება მხოლოდ ყურძნის ჭაჭისაგან დამზადებული არაყის, როგორც რეგისტრირებული დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის პოპულარიზაციას. ფესტივალის მიზანია, ქართული ნატურალური პროდუქტის – ყურძნის ბრენდის „ჭაჭის“ მეტი პოპულარიზაცია. სტუმრებისათვის ნატურალური ქართული პროდუქტის ისტორიის, მისი სასარგებლო თვისებების გაცნობა და შეყვარება.

ფესტივალი მოიცავს მცირე თეატრალიზებულ წარმოდგენებს, რომელიც აცოცხლებს XVIII საუკუნის კახეთს, მის ეთნოგრაფიას, ტრადიციას და რიტუალებს. კონკრეტულად კი, კახელი გლეხების ურთიერთდამოკიდებულებას, კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული გლეხების მიერ ჭაჭის გამოხდის პროცესს. იმართება ტრადიციული კახური „ზაოტობა“.

ჭაჭის გამოხდასთან ერთად, მზადდება კახური კერძები და მიმდინარეობს მისი დეგუსტაცია.

ფესტივალზე ეწყობა კახური ბაზარი თავისი კოლორიტული თავისებურებებით – XVIII საუკუნის კახეთისთვის დამახასიათებელი ეპოქალური ნივთებით, ინვენტარით, კოსტიუმებით, ჭურჭლითა და რეკვიზიტით.

„ჭაჭის ფესტივალში“ საკუთარ ნაწარმს წარმოადგენენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები და კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული გლეხები, რომლებიც არაყის გამოხდით არიან დაკავებულნი.

ფესტივალის მიმდინარეობისას იმართება კონკურსი. მუშაობს სპეციალურად შერჩეული ჟიური ორი შემადგენლობით. ჟიურის პირველი შემადგენლობა აფასებს გლეხების მიერ გამოხდილ ჭაჭას, ხოლო მეორე ჟიური აფასებს ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილ არაყს. კონკურსში გამარჯვებული გლეხები და ჭაჭის მწარმოებლები ჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.

მთელი დღის მანძილზე, ფესტივალის მიმდინარეობისას, ფოლკლორული ჯგუფების შესრულებით ისმის კახური მრავალხმიანი სიმღერები და კაფიები. იმართება ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლების კონცერტი.

ფესტივალის სტუმრები ერთვებიან ყველა აქტივობებში: გლეხებთან ერთად მონაწილეობენ ჭაჭის გამოხდის პროცესში; აგემოვნებენ კომპანიების მიერ წარმოდგენილ ჭაჭას; ჭაჭის დეგუსტაციასთან ერთად, აგემოვნებენ იმ კახურ კერძებს, რომელიც უხდება ჭაჭას; ეცნობიან კახური კოლორიტული ბაზრის თავისებურებებს, იქ წარმოდგენილ სურსათ-სანოვაგეს.

„ჭაჭის ფესტივალზე“ გაცოცხლებული კახეთი ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა როგორც უცხოელი სტუმრებისა და ტურისტებისათვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

0 COMMENTS

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts