1

ქალაქ თელავში, ყოველწლიურად, 7 ნოემბერს „თელავქალაქობა“, იგივე „ერეკლეობა“
აღინიშნება. სახალხო, ტრადიციული დღესასწაული მეფე ერეკლე II-ის იუბილეს
უკავშირდება. ერეკლე II 1720 წლის 7 ნოემბერს ქალაქ თელავში დაიბადა.
„ერეკლეობა“ პირველად 1993 წელს აღინიშნა. დღესასწაულის დაარსების იდეა
ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის.
7 ნოემბერს, მეფე ერეკლეს დაბადების დღის აღსანიშნავად, თელავის ცენტრში, ერეკლეს
მუზეუმისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიება
ტარდება.
„თელავქალაქობის“ ღონისძიების ფარგლებში, ხალხური რეწვისა და ხელნაკეთი
ნივთების, თანამედროვე მხატვართა გამოფენები ეწყობა. სპეციალურად მოწყობილ
პავილიონებში კი – ადგილობრივი მეწარმეების ნამუშვრებია წარმოდგენილი. დღის
განმავლობაში ქალაქის მთავარ მოედანზე გახსნილია სოფლის ნობათის, ღვინის,
ტურიზმის, ხალხური რეწვის, წიგნისა და მუსიკის პავილიონები. ქალაქის ცენტრში
შეგიძლიათ დაესწროთ ქართული კერძების მომზადების პროცესს, კახური ტრადიციული
ჩურჩხელის ამოვლებას და მის დაგემოვნებას.
დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრის სხვადასხვა ადგილას ისმის ცოცხალი მუსიკა.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება აქვს სხვა შემსრულებლებთან ერთად, მოუსმინოს
ქალთა კაპელას „კახეთის ჰანგები“; ანსამბლებს: „პატარა კახი“ და „მზე შინა“.
ბატონის ციხის ეზოში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ერეკლე II-ის სულის
მოსახსენიებლად, დიდი პარაკლისი იმართება. პარალელურად, პარაკლისს იხდიან ქალაქ
მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც მეფე ერეკლეა დაკრძალული.
„თელავქალაქობის“ დღესასწაულზე, ადგილობრივი ხელისუფლება ყოველწლიურად,
თელავის საპატიო მოქალაქეებს ასახელებს და აჯილდოებს.
სახალხო დღესასწაული, დღის ბოლოს ფოლკლორული ანსამბლებისა და ესტრადის
მუსიკოსების მონაწილეობით, გალა-კონცერტით სრულდება.
ყოველწლიურად, დღესასწაულს ესწრებიან თელავთან დამეგობრებული ქალაქებიდან
ჩამოსული დელეგაციები: ბიბერახი (გერმანია), შტუმი (პოლონეთი), შეკი (აზერბაიჯანი),
ხერსონი (უკრაინა), ზიელონა გორა (პოლონეთი), დაუგავპილსი (ლატვია), ანიკშჩიაი
(ლიტვა), გლუბოკოე (ბელარუსი), ჟეშუვი (პოლონეთი), ტალსი (ლატვია), ლაოაგი
(ფილიპინები), ვილიანდი (ესტონეთი), კედაინიაი (ლიეტუვა), ბეშენოვა (სლოვაკეთი),
კლეცკი (ბელარუსი), ბალტა (უკრაინა).
„თელავქალაქობის“ დღე სავსეა დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით. ქალაქის
მთავარი დღესასწაული არცერთ ვიზიტორს გულგრილს არ ტოვებს.

მეფე ერეკლე II-ს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი
მხედართმთავრული და პოლიტიკური ნიჭით იყო დაჯილდოებული. ერეკლე II-მ
მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის.
ქვეყანაში შემოიღო სამხედრო სისტემა, მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით
დაანაწილა. თანამიმდევრული ღონისძიებების განხორცეილებით, ქვეყანაში შექმნა
კულტურისა და განათლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები: თბილისსა და
თელავში დაარსდა სკოლები და სემინარიები; ჩამოყალიბდა განათლებისა და კულტურის
მოღვაწეთა დასი; აშენდა საწარმოები; განახლდა ზარაფხანის მუშაობა. მეფე ერეკლეს
სახელს უკავშირდება ციხე-სიმაგრეების, ეკლესია-მონასტრების, ხიდების, გზებისა და
სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენება-აღდგენა.

0 COMMENTS

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts