
თელავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი, თვითმყოფადი ტრადიციების მქონე ქალაქია, გამორჩეული კოლორიტითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია კახეთის ქალაქებს შორის; საუკეთესო გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და მდიდარია კულტურული ღირშესანიშნაობებით.
ქალაქი თელავი კახეთში, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთის ფერდობზე და მდინარე ალაზნის მარჯვენა მხრის სამხრეთით მდებარეობს. თელავიდან შესანიშნავად მოჩანს ალაზნის ველი და ულამაზესი კავკასიონის მთაგრეხილი. სწორედ ორიგინალური მდებარეობის გამო იგი ყველა დროში მრავალ დამთვალიერებელსა თუ მოგზაურს იზიდავდა.
თელავი საქართველოს ისტორიაში ცნობილია, როგორც კახეთის მეფეების უძველესი სატახტო ქალაქი, ხელოსნობისა და მეღვინეობის ცენტრი, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა, სადაც ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში არსებობდა სემინარია.
ქალაქ თელავის ტოპონიმის წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის შეხედულებით, სახელწოდება ,,თელავი“ წარმოიქმნა ხე-მცენარე თელადან, სადაც ,,ვი“ სუფიქსი მრავლობითი რიცხვის ნიშანია და ახალი ქართული ნორმებით ნიშნავს – ,,თელებს“.
თელავის მაცხოვრებლების აზრით, ,,ამ ადგილას ბევრი თელა ყოფილა და დასახლებულ ადგილსაც თელავი დაერქვა.” დღესაც, ქალაქის შემოგარენში, თელის ჯიშის ხეები საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვება. შესაბამისად, თელავის სახელწოდების წარმოშობის ამ ვერსიას იზიარებს ქართველ ისტორიკოსთა უმრავლესობა.
თელავის ისტორიიდან – არქეოლოგიური კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ დღევანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ეპოქაში გაჩნდა. ელინიზმის პერიოდში იგი კიდევ უფრო გაიზარდა და განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქური ტიპის დასახლება.
მეცნიერთა აზრით, თელავს, როგორც ქალაქური ტიპის დასახლებას, ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული ადრეული ფეოდალიზმის საწყის ეტაპზე, V-VI საუკუნეებში, ჩაეყარა საფუძველი, რაც მტკიცდება არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოძიებული მასალებით და შემორჩენილი ძველი კულტურული ძეგლებით. თუმცა, იგი იმ დროის ნარატიულ წყაროებში ,,თელავის“ სახელწოდებით არაა მოხსენიებული.*
*ქართულ ისტორიოგრაფიაში იყო დამკვიდრებული შეხედულება, რომლის თანახმად, ანტიკური ეპოქის ავტორზე – კლავდიოს პტოლეომაოსზე დაყრდნობით, ზოგიერთი მკვლევარი თვლიდა, თითქოსდა, თელავი ახ.წ.აღ. II საუკუნეში მოხსენიებული იყო ალბანური ქალაქის – თელება (ტელება), თელადას სახელით.
ეს იდეა ქართველ ისტორიკოსთაგან ჰიპოთეზის სახით პირველმა გააჟღერა ნოდარ ლომოურმა, რომელსაც შემდგომ სხვა თანამოაზრეებიც გამოუჩნდნენ და ყოველგვარი კრიტიკის გარეშე უსიტყვოდ გაიმეორეს ეს მოსაზრება, რაც არასწორია. ნებისმიერი რიგითი მკითხველიც კი, ვისაც წარმოდგენა აქვს ისტორიულ გეოგრაფიაზე, დარწმუნდება იმაში, თუ იგი დახედავს კლავდიოს პტოლემაიოსის მიერ შედგენილ რუკას – თელავთან გაიგივებული თელება (ტელება) კასპიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთის უკიდურეს სანაპიროზეა მონიშნული.
თანამედროვე არქეოლოგიური გათხრებით და სხვა ისტორიული დოკუმენტებიდან გამომდინარე, მკვლევრების მიერ მოძიებულ სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით მტკიცდება, რომ კახეთ-ალბანეთის სახელმწიფო საზღვარი გადიოდა მდინარეების- ალაზნისა და იორის ქვემო დინებაზე. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ თელავი ალბანური ქალაქი არ არის, იგი ძირძველ ქართულ, კახეთის მიწის ნაფუძარზეა აშენებული. მას საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი აქვს მიკუთვნებული საქართველოს ისტორიაში.
V-VI ს.ს.-ში თელავი საკმაოდ ხალხმრავალი დასახლება იყო და ეკავა ე.წ. ,,ღვთაების ბორცვის” ტერიტორია ,,თელავის ხევსა“ და ,,კაკლის ხევს’’ შორის. სწორედ ღვთაების ბორცვზეა შემორჩენილი იმდროინდელი ნაგებობებიდან თელავის უძველესი არქიტექტურული ძეგლი – ,,ღვთაების’’ ეკლესია.* იგი ქალაქის სილუეტის განმსაზღვრელ და არქიტექტურულ დომინანტს წარმოადგენს.
ვახუშტი ბაგრატიონი თელავს, როგორც ქალაქს, X საუკუნით ათარიღებდა. X საუკუნის არაბი მოგზაურ-გეოგრაფი ალ-მუკადასიც (მუკკადისი) მას X საუკუნის ქალაქების რიცხვში მოიხსენიებს. თელავი იმ დროისთვის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ყოფილა და „აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზის“ ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობდა.
ისტორიული მასალების მიხედვით თელავი, კვირიკე III დიდის მიერ ჰერეთის სამეფოს შემოერთების შემდეგ, XI ს.-ის დასაწყისში, კახეთ-ჰერეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა და კახეთ-ჰერეთის მეფეთა რეზიდენციას წარმოადგენდა.
XII ს.-ის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთი შემოიერთა, დასრულდა დამოუკიდებელი კახეთ-ჰერეთის სამეფოს არსებობა და იგი ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.
საქართველოში მონღოლთა ასწლოვანი ბატონობის დროს (XIII ს.-ის 30-იანი – XIV ს.-ის 30-იანი წლები) თელავის მნიშვნელობა საგრძნობლად შესუსტდა.
XV-XVI ს.ს.-ში თელავი ხელახლა დაწინაურდა, მაგრამ მისი წინსვლა შეაფერხა 1614-1617 წლებში შაჰ-აბას I-ის საქართველოში, ძირითადად კი, კახეთში ოთხგზის მოწყობილმა ლაშქრობებმა.
თელავის აღორძინება და წინსვლა იწყება მას შემდეგ, რაც XVII ს.-ის მეორე ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ (1664-1675 წწ.) კახეთის სამეფო რეზიდენცია დანგრეული გრემიდან თელავში გადმოიტანა. მეფე არჩილ II-ს მიეწერება თელავში ე.წ. ,,ახალი გალავანის“, იგივე ,,ბატონის ციხის’’ მშენებლობის დაწყება.
1703 წლიდან მოკიდებული XIX საუკუნის დასაწყისამდე, თელავი საბოლოოდ გახდა ქართლ-კახეთის მეფეთა სამყოფელი და, ამავე დროს, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისა და სულიერი კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცა.
თელავის აღორძინებასა და მის შემდგომ განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მეფე ერეკლე II-ს. მან მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი საქმიანობა გააჩაღა – განაახლა ,,ბატონის ციხის“ გალავანი, რომელსაც არჩილ II–მ ჩაუყარა საფუძველი და ააგო ,,ღვთისმშობლის მიძინების“ სახელობის ახალი კარის ეკლესია.
ერეკლე II-ის ხანაში სამეფო რეზიდენციის, ე.წ. „ბატონის ციხის“ მიმდებარე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბორცვებზე – ე.წ. „ფიქრის გორასა“ და „ღვთაების გორაზე“, აშენდა თელავში მცხოვრებ დიდებულ თავადთა – ვახვახიშვილებისა და ყორჩიბაშვილ-რუსიშვილების ციხე-დარბაზები, რომელთა ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი.
თელავს, საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, თვითმმართველობა ჯერ კიდევ ფეოდალიზმის ხანაში ჰქონდა. შეზღუდული უფლებებით საქართველოს ქალაქებში მართვა-გამგეობას მოურავის ინსტიტუტი ასრულებდა.
საქართველოს რუსეთთან ძალდატანებითი მიერთების (1801-1810 წ.წ.) შემდეგ, მთელი XIX საუკუნისა და XX საუკუნის თითქმის პირველი ოცწლეულის მანძილზე, 1918 წლამდე, თელავი რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის ერთ-ერთი სამაზრო ცენტრი იყო. ამ პერიოდში საქართველოში საქალაქო ცხოვრება ფაქტობრივად ჩაკვდა. მისმა მთავრმა ქალაქებმა, თბილისის გამოკლებით, დაკარგეს თავიანთი ადრინდელი მნიშვნელობა და ე.წ. ,,პროვინციულ ქალაქებად’’ გადაიქცნენ. ასეთივე ბედი ეწია თელავს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში თელავის, როგორც სამაზრო ქალაქის, მნიშვნელობა გაიზარდა. მას შემდეგ კი, რაც საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლო მოუღო საქართველოს დამოუკიდებელი რუსპუბლიკის არსებობას, 1930 წლამდე, თელავი ჯერ სამაზრო, ხოლო 1930 წლიდან რაიონული დაქვემდებარების ქალაქის ფუნქციას ასრულებდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოს ხელახალი დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან – 1991 წლიდან დღემდე, თელავი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცენტრია.
2014 წელს თელავი თვითმმართველ ქალაქად იქნა გამოცხადებული. თუმცა, 2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს პარლამენტმა თელავს მუნიციპალიტეტის (ანუ თვითმმართველი ქალაქის) სტატუსი გაუუქმა. თელავის მუნიციპალიტეტი ერთიან, ე.წ. „სათემო მუნიციპალიტეტად“ გარდაიქმნა.
* იგი, ქალაქის სილუეტის განმსაზღვრელი უმთავრესი ნაგებობა იყო იმ დროიდან მოყოლებული, თუმცა საბჭოთა პერიოდში, კერძოდ 1950-იან წლებში აშენებულმა ადმინისტრაციულმა ნაგებობამ მისი ხედი მნიშვნელოვნად დაფარა.